qvemo qarTlis wyalsacavebi - walkis wyalsacavi
მდებარეობა | წალკის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°37`10` ჩ. გ. 44°02`53` ა. გ. |
ფართობი | 33,7 კმ² |
საშუალო სიღრმე | 9.3 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 25 მ |
აუზის ფართობი | 1060 კმ³ |
სარკის ფართობით საქართველოს უდიდესი წყალსაცავი, წალკის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1506 მ-ზე, მდინარე ხრამის ხეობაში. სარკის ფართობი 33,7 კმ2, წყალშემკრები აუზის ფართობი 1060 კმ2. წყლის მოცულობა 312 მლნ. მ3. მაქსიმალური სიღრმე 25 მ, საშუალო სიღრმე 9,3 მ. წაგრძელებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. ნაპირები უმეტეს ნაწილში დაბალი და დამრეცია, სანაპიროს სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთზე - ციცაბო და მაღალი. საზრდოობს ხრამისა და სხვა პატარა მდინარეთა წყლით, აგრეთვე მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლით. შექმნილია ბეტონის კაშხალით ლავურ სერში გამომუშავებულ ვიწრო და ღრმა ხეობაში, ენერგეტიკული მიზნებისათვის 1946 წელს. სეზონური რეგულირებისაა. დაბალი დონე აქვს თებერვალ-მარტში. წყლის დაგროვება იწყება აპრილში და გრძელდება ივლისამდე, შემდეგ ხდება წყლის ხარჯვა. დონე ინტენსიურად იკლებს ნოემბრიდან, როდესაც ჰესები მთელი სიმძლავრით მუშაობს. წყლის დონის რყევის საშუალო წლიური ამპლიტუდა 891 სმ-ია. წყალსაცავზე გაედინება მდინარე ქცია-ხრამი.
წყალი ყველაზე ცივია თებერვალში (0,2°C), თბილი აგვისტოში (18,7°C). დეკემბრიდან მარტის ბოლომდე იქმნება ყინულნაპირისი, ყინულსაფარი და სხვ. ყინულოვანი მოვლენების საშუალო ხანგრძლივობა 82 დღეა. ყინულსაფრის სისქე თებერვალში ზოგჯერ 80 სმ აღწევს. წყალსაცავი ემსახურება 2 ჰესს: - ხრამჰეს I, ხრამჰეს II. განვითარებულია თევზის რეწვა. სანაპიროსთან გაშენებულია ქალაქი წალკა, ხოლო სიახლოვეს არის სოფლები, გადის გზები. რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს ხადიკის ტბა, სანთის ტბა და სხვ.